როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან
ამობეჭდვა · 2017-10-14 21:59:03 · 475 ნახვა

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ, ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას. ამ თვისებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ძალზე მნიშვნელოვანია რომ ნატურალური პროდუქტის შეძენა შევძლოთ. რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ სასარგებლოა ვიცოდეთ ნამდვილისა და ფალსიფიცირებულის გარჩევა. თაფლს სხვადასხვა ფერი შეიძლება ჰქონდეს ყვითელი, ქარვისფერი, თითქმის უფერო, ყავისფერი, მაგრამ ნამდვილი თაფლი აუცილებლად გამჭვირვალეა, თუ ჯერ არ დაუწყია ჩაშაქრება. თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ, ზამთრის თვეებში, ნატურალური თაფლი გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება;

  • თაფლი, რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა), მღვრიეა და შესაძლოა, ნალექიც შევამჩნიოთ.
  • დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე - თუ წვეთმა შეინარჩუნა ფორმა და არ დაიშალა, თაფლი ნატურალურია.
  • წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს, ამიტომ, თუ მას ქაღალდზე დააწვეთებთ, იგი არ წარმოქმის სველ ლაქას, ფალსიფიცირებული თაფლი კი, ქაღალდს ასველებს. შეგიძლიათ, ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და 10-12 წუთი გააჩერეთ, მერე კი ამოიღეთ. თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია - დარბილდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა ნატურალური თაფლის გამოსაცნობად:

  • ამოიღეთ თაფლი კოვზით. თუ იგი ნატურალურია, წარმოქმნის გრძელ (10-12 სმ სიგრძის) ,,ძაფს“, რომელიც დიდხანს არ გაწყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება.
  • ქაღალდის ფურცელს თხელ ფენად წაუსვით თაფლი ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს წაუკიდეთ ცეცხლი, თუ ცეცხლი ჩაქრა, თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა - ფალსიფიცირებული.
  • გაახურეთ ნემსი და ჩაუშვით თაფლში. თუ მასზე წარმოიქმნა წებვადი მასა, თაფლი ფალსიფიცირებულია. ნატურალურში ნემსი სუფთა დარჩება. თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით, სანამ იყიდით, თხევადი თაფლი ზამთარში იშვიათობაა.

თაფლის შენახვა და მოხმარება:

თაფლი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას მინის ან მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში, ვინაიდან იგი ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში პროდუქტი შეიძლება წლობით შევინახოთ;

არ შეიძლება თაფლის შენახვა ლითონის ჭურჭელში - ლითონი მასთან რეაქციაში შევა და მომწამლავ მარილებს წარმოქმნის;

პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ არაუმეტეს ერთი კვირის განმავლობაში;

თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ:

ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;

ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ დაამატეთ თაფლი;

თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 40 გრადუსი) წყალში და დაელოდეთ. სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას, თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს.

 



ავტორი: MediaMall.ge