რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რძის შეძენისას
ამობეჭდვა · 2017-10-16 21:09:18 · 193 ნახვა

ძროხის რძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ათობით კომპონენტს შეიცავს, ეს პროდუქტი აუცილებელია ყველა ასაკის ადამიანისთვის. რძეზე საუბრისას, საკამოდ ხშირად მოისმენთ კამათს - სოფლის რძე უკეთესია თუ ქარხნული წესით დამუშავებული რძე... ბუნებრივია, განსხვავება საკმაოდ დიდია, თუ სოფლის რძეს პირდაპირ, ყოველგვარი დამუშავების გარეშე ყიდიან, ქარხნული რძე პროდუქტის თერმული დამუშავებისა და ცხიმის შემცველობის ნორმალიზაციის შედეგად არის მიღებული. ზოგადად, რაც უფრო მეტად არის დამუშავებული რძე, მით უფრო ნაკლებია მასში სასარგებლო კომპონენტები, ამიტომ, ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას სოფლის რძე შეიცავს, თუმცა, მისი არჩევა საკმაოდ რთული და სარისკოა.

სოფლის რძის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე ფაქტორს: რამდენად სუფთადაა მოწველილი რძე; რამდენად სუფთა და უსაფრთხო ჭურჭელში ასხია; ხომ არ არის ცხიმმოხდილი ან წყლით გაზავებული; ახალია თუ არა, - ამ  ყველაფრის დასადგენად კი, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

კარგად დააკვირდით რძეს: თუ მასში რაიმე ნაწილაკები ან ძროხის ბალანი შეამჩნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწველის დროს, ჰიგიენური ნორმები არ დაიცვეს, ასეთი რძე არ შეიძინოთ. სოფლის რძეს, ხშირად, პლასტმასის მეორად ბოთლებში ჩასხმულს ყიდიან, როგორც წესი, ბოთლის ყოველგვარი სტერილიზაციის გარეშე (პლასტმასის ბოთლები ვერც უძლებს სტერილიზაციას), ამიტომ, დიდია ალბათობა, რომ რძე დაბინძურდეს.

ცხიმმოხდილი ან გაზავებული რძის ამოსაცნობად: დააკვირდით რძის ფერსა და კონსისტენციას, მოუხდელი რძე თეთრია, ოდნავ მოყვითალო. თუ რძეს აქვს მოცისფრო ელფერი და წყალწყალა კონსისტენცია, სავარაუდოდ, მოხდილი ან წყალგარეულია. შეანჯღრიეთ რძის ჭურჭელი. თუ ქაფი წარმოიქმნა, რძე გაუზავებელია. კიდევ ერთი მეთოდი: დაიწვეთეთ რძე ფრჩხილზე, მოუხდელი და გაუზავებელი რძე ამოზნექილ წვეთს წარმოქმნის. თუ რძის წვეთმა ფრჩხილზე ოდნავ შესამჩნევი სველი კვალი დატოვა, მაშინ რძე მოხდილია. თუ რძე ფრჩხილიდან ჩამოვარდნისას საერთოდ არ ტოვებს კვალს, წყალი აქვს გარეული.

გაზავებული ან ცხიმმოხდილი რძე საზიანო არ არის, თუმცა, მისი კვებითი ღირებულება ხარისხიან რძეზე გაცილებით დაბალია.



ავტორი: MediaMall.ge