ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის სამგზის ჩემპიონია
ამობეჭდვა · 2017-10-17 13:30:02 · 178 ნახვა

ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო გუნდის ტიტული მესამედ მოიპოვა.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, კლუბ „ნონას“ მოჭადრაკეებს, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან და კლუბ „ნონას“ პრეზიდენტ გიორგი ჭანტურიასთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა. მოჭადრაკეებთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე მუხრან შამათავა დაესწრო.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 12 კლუბი მონაწილეობდა. გუნდ „ნონას“  მოჭადრაკეებმა 7 შეხვედრიდან  11 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დამატებითი მაჩვენებლის წყალობით დაიკავეს. მე-2 ადგილზე აზერბაიჯანული კლუბი „ოლდარ ურდუ“ გავიდა ასევე 11 ქულით, III-IV ადგილები კი 10-10 ქულით ბელორუსიის  და  რუსეთის კლუბებმა გაინაწილეს.  

„ნონას“ შემადგენლობაში ასპარეზობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები -  ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია და ასევე მოწვეული ლეგიონერი ინდოეთიდან დრონვალი ჰარიკა. გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე გახლდათ, მწვრთნელი კი დავით ჯოჯუა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა, ბრინჯაოს მედალი აიღო ბელა ხოტენაშვილმა.

ვაჟთა კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი რუსეთის „გლობუსმა“ აჩვენა, რომელიც მსოფლიოს უძიერესი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული. სულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ „ნონა“ ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში  ქართული გუნდი ვერცხლის მედალს დასჯერდა. 



ავტორი: mediamall.ge