ოთარ დანელიამ და ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს
ამობეჭდვა · 2017-10-18 14:54:00 · 167 ნახვა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  სამეგრელოს რეგიონში, სოფელ მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს. აღნიშნული ბაზა ორი ლაბორატორიის, საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობისგან შედგება.


აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა უნიკალური პროექტია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კავკასიური რუხი ფუტკრის ჯიშის აღდგენას და პოპულარიზაციას ემსახურება.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. აქ სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ასევე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები. სემინარები გაიმართება ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც როგორც ხელოვნურ განაყოფიერებასთან, ასევე ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან არის დაკავშირებული.



ავტორი: MediaMall.ge