ლევან სონღულაშვილის ნახატი ნიუ-იორკის “სოტბის” აუქციონზე გაიყიდა
ამობეჭდვა · 2017-10-19 08:34:07 · 518 ნახვა

11 ოქტომბერს, ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ნახატი "პორტრეტი" (2016) ნიუ იორკის სოტბის სააუქციონო სახლში გამოიფინა და გაიყიდა.

სონღულაშვილი “სოტბის” გამართულ “Take Home a Nude” აუქციონის ორგანიზატორთა და კურატორთა რჩეული პირველად 2015 წელს, 23 წლის ასაკში გახდა, როცა მხატვრის “მედუზა” წარადგინეს და ამერიკელ კოლექციონერთა ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა.

ასევე წარმატებული აღმოჩნდა აუქციონი 2016 წელს, როდესაც მხატვრის “მონაზონი” კვლავ ამერიკელი კოლექციონერის კერძო საკუთრებაში მოხვდა.

წელს ლევან სონღულაშვილის “პორტრეტსა” და სხვა წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებზე განმცხადებელთა შორის იყვნენ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, გრემის მფლობელი მუსიკოსები, კოლექციონერები, პოლიტიკოსები, მათ შორის ნაომი უოთსი, მერი-ქეით ოლსენი, ოლივიერ სარკოზი და ბრუკ შილდსი. 

26 წლის ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული და აქტიურად მოღვაწეობს საერთაშორისო ხელოვნების სამყაროში, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ლევანი პირველი და ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატებმაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს, ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში, ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, ეგონ შილესა თუ მაკს ბეკმანის ნამუშევრებთან ერთად დაიდო ბინა. 


 



ავტორი: Mediamall.ge