კარლო ანჩელოტის ხორვატიის მწვრთნელობა შესთავაზეს
ამობეჭდვა · 2017-10-19 20:15:30 · 139 ნახვა

ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის ქვეყნის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Gazzetta dello Sport ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, 58 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ხორვატიის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლომდე უნდა უხელმძღვანელოს.

საინტერესოა, რომ ხორვატიას ჯერ არ მოუპოვებია საგაისო მუნდიალზე თამაშის უფლება. ამ გუნდს 9 და 12 ნოემბერს ელოდება პლეი ოფის მატჩები საბერძნეთის წინააღმდეგ. 

დღეს, ხორვატიის ნაკრებს ზლატკო დალიჩი ავარჯიშებს, რომელმაც შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩაიბარა გუნდი.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო - მიუნხენის „ბაიერნი". ამ გუნდიდან იტალიელი სამი კვირის წინ, არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.



ავტორი: Mediamall.ge