თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ მოაგებინა
ამობეჭდვა · 2017-10-22 17:05:00 · 133 ნახვა

თორნიკე შენგელიამ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა „ბასკონიას“ შემადგენლობაში. გუნდის კაპიტანმა, „ლიგა ენდეზას“ მორიგი ტურის შეხვედრაში „გიპუზკოას“ წინააღმდეგ 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, ორივე გუნდის შემადგენლობაში, საუკეთესო გახლდათ. მარგი ქმედების კოეფიციენტი, შენგელიას 33 ჰქონდა. 

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ბასკონიელებმა, ურთულეს გამარჯვებას მიაღწიეს. პაბლო პრიჯიონის გუნდი, პრაქტიკულად მთელი მატჩი, მდევრის როლში იყო. ერთ ეპიზოდში ბასკები, 14 ქულასაც აგებდნენ. თუმცა, მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედში, მასპინძლებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. 

„ბასკონიამ“ შენგელიას და როდრიგ ბობუას შესანიშნავი თამაშის წყალობით, მეტოქე ანგარიშთ 88-86 დაამარცხა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, ეს გამარჯვება ბასკონიელთათვის მხოლოდ მეორე გამოდგა. გუნდი ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში მე-11-ე ადგილზე იმყოფება. 

მორიგ მატჩს „ბასკონია, „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ევროლიგის ეგიდით კი, ესპანური კლუბის მეტოქე „ვალენსია“ იქნება.

 

წყარო



ავტორი: MediaMall.ge