ძველ ოლიმპიაში, ზამთრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების ცეცხლს დღეს დაანთებენ
ამობეჭდვა · 2017-10-24 14:00:00 · 124 ნახვა

ძველ ოლიმპიაში, ზამთრის თამაშების ოლიმპიური ცეცხლის დანთების საზეიმო ცერემონია 24 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ოლიმპიური ცეცხლი ერთი კვირის მანძილზე საბერძნეთში იმოგზაურებს. ესტაფეტაში 500-ზე მეტი მეჩირაღდნე ჩაერთვება. ისინი გაივლიან 2 129 კილომეტრს, 20 მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოეწყობა 36 საზეიმო შეხვედრა. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერს, ათენის "პანათინაიკოსის" სტადიონზე დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს გადაეცემათ.

„პიონჩანგ- 2018"-ის ჩირაღდანი სიმბოლურად 700 მილიმეტრის სიგრძისაა ნიშნად იმისა, რომ პიონჩანგი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, თვითმფრინავით გაივლის 8 500 კილომეტრს, პირველ ნოემბერს კი ქალაქ ინჩხონიდან დაიწყება ცეცხლოვანი ესტაფეტის კორეული ნაწილი, რომელიც 8 პროვინციას და 20 დიდ ქალაქს მოიცავს.

100-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 2018 წლის 9 თებერვალს, თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ოლიმპიურ ცეცხლს პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე აანთებენ.

 

წყარო



ავტორი: MediaMall.ge