აბრეშუმის გზის ფორუმზე "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის" პანელს მოდერატორობას Deutsche Welle-ს უფროსი გაუწევს
ამობეჭდვა · 2017-10-25 12:12:45 · 131 ნახვა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის მოდერატორი Deutsche Welle-ს უფროსი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი იქნება.


28-29 ნოემბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს.


ფორუმზე ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელს მოდერატორობას Deutsche Welle-ს უფროსი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი გაუწევს.


დოქტორი მელინდა კრეინი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და განხილვების მოდერატორია. ის ახალი ამბების მაუწყებლისთვის n-tv აშშ-ს პოლიტიკის რეგულარულ ანალიზს აკეთებს და გერმანიის ტელევიზიებისა და რადიოების ხშირი სტუმარია. კრეინი გამოცდილი ტელეწამყვანია, არის უფროსი პოლიტიკური წამყვანი არხზე DW TV, ასევე მას DW-ზე მიჰყავს თოქშოუ “Quadriga”. 


2014 წელს, ტრანსატლანტიკური კონცეფციის განვითარების საქმეში წვლილისთვის მელინდა კრეინი Steuben-Schurz Media Award-ით დაჯილდოვდა.


კრეინი სწავლობდა ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს ბრაუნის უნივერსიტეტში, ასევე სამართალს ჰარვარდის უნივერსიტეტში. სადისერტაციო ნაშრომი განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ მან ფლეთჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიცვა.
პოლიტიკური შოუს Sabine Christiansen საერთაშორისო საქმეთა კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობისას მელინდა კრეინმა ინტერვიუები ჩაწერა კოფი ანანთან, ბილ კლინტონთან, ჰილარი კლინტონთან, ჯორჯ ბუშთან და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებთან. 


მისი ჟურნალისტური გამოცდილება, გერმანული ჟურნალ-გაზეთების გარდა, ასევე მოიცავს მუშაობას ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორებიცაა  ”New York Times Magazine,“ ”The Boston Globe Sunday Magazine,” “The Boston Globe,” და “the Christian Science Monitor“.
 ✔️http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/transport-infrastructure/147-melinda-crane
 ✔️http://www.dw.com/en/melinda-crane/a-6708467



ავტორი: mediamall.ge