აბუ დაბის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ამობეჭდვა · 2017-10-27 10:55:00 · 115 ნახვა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველ საასპარეზო დღეს, ვაჟა მარგველაშვილმა მედლის მოპოვება შეძლო. მან 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

სატურნირო ბადეში მარგველაშვილმა სერბ სტრანია ბუნჩიჩსა და ყაზახ გუმარ კირგიზბაიევს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ნიჯატ შიხალიზადესთან დამარცხდა. 

რეპეშაჟში ქართველმა ირანელ გასემ ნურიზადეს აჯობა და მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. აქ მარგველაშვილმა დიდი უპირატესობით მოუგო ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნაკლებად გაუმართლა 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილს. თავდაპირველად, მან დანიელ ბენ დავიდმა (იპონი) და ფრანგ ვინსენ ლიმარს (ვაზარი) აჯობა, მაგრამ წააგო ნახევარფინალი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან. ბრინჯაოს ორთაბრძოლაში კი დამატებით დროში დათმო ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან.

ამასთან, 60 კილოგრამამდე წონითი კატეგორია რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ მოიგო.


დღეს მხოლოდ ერთ ქართველ ძიუდოისტს უწევს გამოსვლა - 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრძოლაში ზებედა რეხვიაშვილი ჩაებმება.



ავტორი: 1tv.ge