გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს ახალ გრანტს გამოუყოფს
ამობეჭდვა · 2017-10-27 17:38:06 · 82 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს, გრანტის სახით, 1 650 000 ევროს გამოუყოფს.

უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში ტურისტული და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის მომზადებას მოხმარდება. 

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს. 

გრანტის ფარგლებში მომზადდება კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კონცეფცია, ურბანული განვითარებისათვის არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, დაგეგმილი საინვესტიციო ღონისძიებების სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება. 

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებულია იმერეთსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ფუნდამენტური რეაბილიტაცია. ასევე, ტურისტული, ურბანული და სხვა სახის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.



ავტორი: mediamall.ge