მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა
ამობეჭდვა · 2017-10-28 17:41:00 · 159 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა. ამის შესახებ MediaMall.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 28-29 ოქტომბერს, 13:00-დან 22:00სთ-მდე, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება.

ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება, მისი მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.


მეიდანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთან, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია - მარკეტის ნებისმიერ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი  კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. 

ღონისძიება დატვირთული იქნება თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრ ქვეყანაშია მიღებული მსგავსი ტრადიცია. "საკვირაო მარკეტების სახით ასეთი გამოფენები და მარკეტები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ესეც  ერთ-ერთი კარგი მაგალითი იქნება, რომ ჩვენი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია მოსახლეობაში უფრო ცნობადი გახდეს“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიებამ, რომელიც სექტემბრის თვის ბოლოს ჩატარდა, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, მეწარმეების მხრიდან ინტერესიც საკმაოდ გაიზარდა. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში“ პერმანენტულად აპირებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს ქართველი დამწყები მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას.
სამეწარმეო მარკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მარიანა მორგოშიამაც: "სამეწარმეო მარკეტი უკვე მეორედ ტარდება მეიდანზე და გვინდა, ამას მაქსიმალურად რეგულარული სახე მივცეთ. პრინციპი არის როტაციული: ერთი და იგივე მეწარმეს, მუდმივად ერთსა და იმავე დახლზე ჩვენ არ ვაჩერებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მთელი საქართველოს მასშტაბით დამწყები მეწარმეები. ამ ეტაპზე, ჩვენი დახლების რაოდენობიდან გამომდინარე, 30-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი. ვაპირებთ, მსგავსი მარკეტი საახალწლოდაც მოვაწყოთ. გვსურს, რომ მარკეტი უფრო დიდი მასშტაბით გავაკეთოთ და მასში რაც შეიძლება მეტი დამწყები მიკრომეწარმე ჩავრთოთ".



ავტორი: MediaMall.ge