ინფორმაცია, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია - შალვა ხუციშვილი
ამობეჭდვა · 2017-10-30 11:21:43 · 181 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ჟურნალისტებთან საუბარში რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

"არ ვიცი პროკურატურა რას ამბობს, მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩანაწერები. როგორც ჩემთვის ცნობილია, კადრებში არ არის ასახული დაკავების პროცესი. მხოლოდ დაკავებულის ცუდად გახდომის მომენტი ჩანს. რატომ არ ასახავს ჩანაწერი, უშუალოდ დაკავების პროცესს, ამაზე უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვა. კადრები გასაჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როცა გამოძიება ამას ჩათვლის საჭიროდ. ინფორმაცია, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია", - განაცხადა ხუციშვილმა. 

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.



ავტორი: mediamall.ge