შსს დაინტერესებულია, რომ ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ მალე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება - მინისტრის მოადგილე
ამობეჭდვა · 2017-10-30 13:22:00 · 121 ნახვა

ვიდრე არ იქნება დასკვნა, რით გარდაიცვალა 32 წლის პაატა პავლიაშვილი, პოლიციის მისამართით ბრალდებაზე საუბარი ნაადრევია, აცხადებს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი.  

მისივე თქმით, შსს დაინტერესებულია, რომ ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ მალე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. 

რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას ან სხვა ინფორმაციას, ხუციშვილის განმარტებით, "ეს გამოძიების საქმეა და შესაბამისად ყველაფერს დაადგენს გამოძიება.

"კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს,  ტყუილია. პროკურატურას ვიდეოჩანაწერები მივაწოდეთ",-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა. 

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

 


 



ავტორი: MediaMall.ge