ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს - შსს
ამობეჭდვა · 2017-10-30 15:29:46 · 202 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს. ორივე შემთხვევაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა.

შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ შსს-მ მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი პროკურატურას გადასცა. მისივე ინფორმაციით, ამ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია პავლე პ.-ს ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ თავის განცხადებაში ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.

შს სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურატურასთან. შსს, პირველ რიგში, თავადვეა დაინტერესებული, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება", - ნათქვამია განცხადებაში.

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.



ავტორი: mediamall.ge