კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი პატიმრობაში რჩება
ამობეჭდვა · 2017-10-31 18:10:09 · 245 ნახვა

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, - ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე დღეს დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობა დააყენა. 

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ არ არსებობს ზეწოლის საფრთხე, ვინაიდან მთავარი მოწმეები უკვე დაიკითხნენ პროცესზე. უფლებადამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ არც მიმალვის საფრთხე არსებობს ისინი აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯანში  ჯეირანლი პოლიტიკური დევნილია და იქ ვერ დაბრუნდება, შესაბამისად, საქართველოდან გასვლას არ აპირებს.

პროკურატურა კი აცხადებდა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მყარია და მას საზღვარგარეთ კავშირები აქვს. მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ბრალდება წერილობით მტკიცებულებებს იკვლევს.

სახელმწიფო ბრალდება ფარმან ჯეირანლის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, თაღლითობას ედავება. 2016 წელს კლინიკა "ლანცეტში" ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ. 2017 წლის 22 მაისს კი, საქართველოს პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდებით, კლინიკის დირექტორი დააკავა.



ავტორი: 1tv.ge