ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და უძრავი ქონების რეესტრთან ერთად პირველ ხუთეულშია
ამობეჭდვა · 2017-11-01 12:19:00 · 108 ნახვა

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის Doing Business 2018 მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და მერვედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.  

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეფასდა ორი კრიტერიუმით. 

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეფასდა ორი კრიტერიუმით. ეს არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სიმარტივე. ბიზნესის დაწყების ნაწილში ჩვენ მერვე ადგილიდან გადავინაცვლეთ მეოთხე ადგილზე, ვართ ხუთეულში ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის ახალი ზელანდია, კანადა და ჰონ-კონგი. უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილში კი რამდენიმე წელია ჩვენ ხუთეულში ვართ და ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვიჭირავს. როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი, მე მოხარული ვარ ამ ფაქტით და მინდა თითოეულ თანამშრომელს მივულოცო", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს.



ავტორი: MediaMall.ge