”ქართული ოცნება” თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
ამობეჭდვა · 2017-11-01 15:23:00 · 76 ნახვა

”ქართული ოცნება” თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც საოლქო კომისიაში ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა პეტრე ქიტესაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, თიანეთში მე-2, მე-13, მე-15 და მე-18 უბნებზე 6 ბიულეტენი დაიკარგა, რასაც ქიტესაშვილის თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

”ქართული ოცნების” წარმომადგენლის თქმით, მიღებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი თიანეთში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

”ჩვენი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახდა 50%-იანი ბარიერი. ვინაიდან თამაზ მეჭიაურს საბოლოო მონაცემებით 1 ხმით მეტი აქვს, დაკარგული 6 ბიულეტენი იმოქმედებს შედეგზე. საოლქო კომისიაში ჩვენს პოზიციას კომისიის სამი წევრი დაეთანხმა. ჩვენს პრეტენზიას არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა კომისიის თავმჯდომარემ და ჩვენ შედეგს გავასაჩივრებთ სასამართლოში”, - განაცხადა პეტრე ქიტესაშვილმა.

თავის მხრივ, მე-19 საოლქო კომისიის თავმჯდომარე ”ქართული ოცნების” პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხმები ითვლება ყუთიდან ამოსული ბიულეტენების მეშვეობით და არა დაკარგული ბიულეტენებით.

”ხმები ითვლება ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების ოდენობით, თორემ ბიულეტენი ბევრი იკარგება და ბევრიც ბათილდება, თუმცა დაინტერესებულ მხარეს გასაჩივრებისთვის აქვს ერთ დღიანი ვადა. შეუძლიათ კანონის ფარგლებში იმოქმედონ”, - განაცხადა გიორგი ცალუღელაშვილმა.

"ქართულ ოცნებას“ თიანეთის საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება ჯერ ცესკოში, შემდეგ კი სასამართლოში შეუძლია. 



ავტორი: MediaMall.ge