ვლადიმერ პუტინი ირანს ეწვია
ამობეჭდვა · 2017-11-01 17:34:00 · 105 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამართავს სირიის კრიზისზე, 2015 წლის, საეტაპო მნიშვნელობის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაზე და ენეგეტიკის საკითხებში თანამშრომლობაზე.

ამ ცნობებს ავრცელებს ირანის ტელევიზია. პროგრამით, პუტინი შეხვდება პრეზიდენტ ჰასან როჰანის და უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ სამიტში, როჰანისთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად.

ირანის მედიის ცნობით, ალიევი თეირანში ასევე პირველ ნოემბერს ჩავიდა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთ-ირანის ორმხრივ მოლაპარაკებებში მთავარი საკითხები სირიასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. სირიის ომში, რომელიც უკვე ექვს წელიწადზე მეტია, გრძელდება, რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას, აშშ და თურქეთი კი სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფს. ამავე დროს, რუსეთი არის ერთ-ერთი ხელმომწერი 2015 წელს მიღწეული შეთანხმების, რომლის ფარგლებშიც თეირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ბირთვული ხელშეკრულების ხელახალ სერტიფიცირებაზე. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის კანონმდებლები და მოკავშირეები ვერ შესძლებენ "სერიოზული ნაკლოვანებების" გამოსწორებას ხელშეკრულებაში, აშშ მას გამოეთიშება

წყარო - რადიო თავისუფლება



ავტორი: MediaMall.ge