დატოვებს თუ არა ვანო მერაბიშვილი საპყრობილეს ვადამდე - სამინისტროს განმარტება
ამობეჭდვა · 2017-11-01 18:18:00 · 263 ნახვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების თემაზე განმარტებას აკეთებს. სამინისტრო უარყოფს, რომ ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს  

განცხადების თანახმად, "მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს".

უწყების განმარტებით, "სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს".  

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ სამი მეოთხედი. აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს.

ადგილობრივი საბჭო თვის დასაწყისში მიღებულ შუამდგომლობებს განიხილავს შემდეგი თვის ხუთ რიცხვამდე. საბჭო ყველა შესულ შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს",-ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა შესაძლოა, საპყრობილე ახალ წლამდე დატოვოს.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. ამის შესახებ 

გაზეთის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემამ ვანო მერაბიშვილის ადვოკატთან, გიორგი ჩივიაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი ნამდვილად ჩაიბარა.

 



ავტორი: MediaMall.ge