1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების მოპარული ორიგინალი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-11-02 12:18:00 · 439 ნახვა

ბოსნიელი პროკურორის ცნობით, დაკავებულია ბოსნიელი სერბი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბოსნია-ჰერცეგოვინის 1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების ორგინალური ეგზემპლარის უკანონო მოპოვებაში.

ზელიკო კუნტოსი 31 ოქტომბერს დააკავეს  და ახლა მისი დაკითხვა მიმდინარეობს, აცხადებს პროკურორი დრაგიცა ტოიაგიცი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც დეიტონის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი,  ოჰაიოში, დეიტონის საჰაერო ბაზაზე შედგა, ბოსნიის, სერბიის და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის - სამი მხარის, რომელიც ჩართული იყო ბოსნიის კონფლიქტში. ამ კონფლიქტს 100 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოიპოვა კუნტოსმა ეს დოკუმენტი.

"მას ის თავის სახლში, პალეში ჰქონდა დამალული, სადაც ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს", ამბობს პროკურორი. პალე სარაევოს შემოგარენში მდებარეობს და 1992-95 წლებში იქ ბოსნიელი სერბების ლიდერთა შტაბ-ბინა იყო განთავსებული.

ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ კუნტოსი ბოსნიის ეთნიკური სერბების ადმინისტრაციული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტის ყოფილი სპიკერის მძღოლად და მცველად მუშაობდა. მან ახლახან სცადა დოკუმენტის 60 000 დოლარის ეკვივალენტურ თანხად გაყიდვა. 

ბოსნიის კუთვნილი ორიგინალის დაკარგვის შესახებ 2008 წელს გამოცხადდა და ქვეყანამ ახალი ასლი მიიღო პარიზისგან, სადაც დოკუმენტს ხელი მოეწერა.

 



ავტორი: MediaMall.ge