40 წლის წინ, ჩრდილოეთ კორეაში გატაცებული გოგოს ოჯახი აშშ-ის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს
ამობეჭდვა · 2017-11-02 20:01:52 · 647 ნახვა

იაპონიის ქალაქ ნიიგატაში მცხოვრები ტეტსუია იოკოტა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 40 წლის წინ დაკარგული დის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

ტეტსუია იოკოტას და, მეგუმი 13 წლის იყო, როცა ჩრდილოეთ კორეის აგენტებმა იგი ზღვის სანაპიროზე სეირნობისას გაიტაცეს. იოკოტა იაპონიიდან ჩრდილოეთ კორეაში ნავით გადაიყვანეს. გოგონა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მოგვინებით, 80-იან წლებში იაპონიაში შეიტყვეს, რომ მეგუმი გათხოვდა და ქალიშვილი შეეძინა. 1994 წელს ფხენიანიდან იოკოტას ოჯახში ტრაგიკული ცნობა მოვიდა, თითქოს მეგუმიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა გოგონას ნათესავებს ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარული რეჟიმის ვერსიის არ სჯერათ. იაპონიაში ფხენიანიდან გაგზავნილი ნეშტის ნაწილების დნმ-ი მეგუმის დნმ-ს არ დაემთხვა.

ტეტსუია იოკოტა ამბობს, რომ 40 წლის განმავლობაში მას სჯეროდა, რომ მისი და ცოცხალია და მისი პოვნის იმედი აქვს. მისი მტკიცებით, რამდენიმე წლის წინ კიმ ჩენ ინის მიერ გამართულ აღლუმზე გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე მან მეგუმი შენიშნა. ფოტო ინტერნეტში გარცელდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის აზიური ტურნეს ფარგლებში, რომელიც 3 ნოემბერს დაიწყება, აშშ-ის პრეზიდენტი ტოკიოში მეგუმი იოკოტას ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავს.

 



ავტორი: Mediamall.ge