ისლანდიაში უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ამობეჭდვა · 2017-11-02 21:11:45 · 282 ნახვა

ისლანდიაში,ზღვის დონიდან 2009 მეტრზე მდებარე ვულკანი ბაურდარბუნგა, როგორც ჩანს, ამოფრქვევისთვის ემზადება. მეცნიერების აზრით, ბოლო დროს ვატნაიეკუდლის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული მიწისძვრის გრუხუნიც ამას უკავშირდება.

„ამ ადგილას მომხდარი მიწისძვრის მიზეზი ისაა, რომ ვულკანი ბაურდარბუნგა იბერება, ე. ი. მაგმის კამერაში იზრდება მაგმის წნევა. თვალნათელია, რომ ვულკანი შემდეგი ამოფრქვევისთვის ემზადება, რაც შეიძლება უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოხდეს. გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრები მხოლოდ ამ პროცესის სიმპტომებია“, - განაცხადა ისლანდიის უნივერსიტეტის ვულკანების ექსპერტმა პალ ეინარსონმა. 

მისი თქმით, ბაურდარბუნგა 2015 წლის თებერვლიდან გრგვინავს, როდესაც 2014 წლის აგვისტოში დაწყებული მისი ბოლო ამოფრქვევა დასრულდა. ამ მოვლენამდე, ვულკანი მიწისძვრებს ხშირად იწვევდა, 2007 წლიდან მოყოლებული. მთავარ ამოფრქვევას კი წინ უძღვოდა 1600 ამოფრქვევის სერია სულ რაღაც 40 საათში. 

 

 



ავტორი: Mediamall.ge