ზემო აჭარისა და პანკისის ხეობის ყოველდღიური ცხოვრება რეგიონში მცხოვრები ბავშვების ობიექტივში
ამობეჭდვა · 2017-11-03 10:27:00 · 602 ნახვა

ფონდ, Open Society Georgia Foundation-ის საგამოფენო სივრცეში დღეს ფოტოკლუბების გამოფენა იხსნება. ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ფოტოხელოვანმა, ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო.

ნათელა გრიგალაშვილი: წელს, კიდევ ერთი ახალი ფოტოკლუბი გვაქვს, პანკისს მაღალმთიანი აჭარაც დაემატა. შესაბამისად, გამოფენაზე ამ ორი ულამაზეს რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ბავშვების ძალიან საინტერესო ფოტოების ნახვა შეგეძლებათ. გამოფენა 16:00 საათზე იხსნება და შეგეძლებათ, 20:00 საათამდე გვეწვიოთ.

კლუბების წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ ხნის მანძილზე, მათ ობიექტივში მოექცა მთელი ზემო აჭარა და პანკისის ხეობა - ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან. 

პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეა, როგორც გორელოვკის შემთხვევაში, აქაც ისაა, რომ კლუბებმა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა და მუშაობა; რომ კლუბების ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ მომავალ წევრებს და ეს იყოს ადგილი, სადაც ყველას შეეძლება მისვლა.
აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები ქმნიან განსხვავებულ, საინტერესო და შემოქმედებით გარემოს, და რაც მთავარია, აინტერესებს და აერთიანებს პანკისელ და აჭარელ ახალგაზრდებს.

ცნობისათვის, გამოფენა 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

პანკისისა და ზემო აჭარის ფოტოკლუბები  2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით დაარსდა.


 



ავტორი: MediaMall.ge