“ფსიქოტროპულზე პოლიციამ მკითხა, მე არ მომიგონია“ - ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი შემთხვევის მოწმე
ამობეჭდვა · 2017-11-03 20:58:20 · 638 ნახვა

ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის საქმის მოწმე, რომელიც შსს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ გარდაცვლილი ფსიქოტროპულ ნივთიერებს მოიხმარდა, განმარტებას აკეთებს. იგი ამბობს, რომ ინტერვიუ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ეს კითხვა მას შსს-ის წარმომადგენელმა დაუსვა. 

„მეკითხებოდნენ, მერე ჩართავდნენ კამერას და ვპასუხობდი. ფსიქოტროპულზე იმათ მკითხეს, მე კი არ მომიგონია. იმათ მკითხეს, მე გავეცი პასუხი. იმათ მკითხეს იღებდა თუ არა, მე ვუპასუღე, იღებდა-მეთქი”, – განაცხადა შანიძემ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად დაიღუპა. მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც გარდაცვლილის მეზობლები მომხდარის შესახებ საუბრობდნენ. სწორედ ამ ვიდეოში განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ, გვარად შანიძემ, რომ დაღუპული ფსიქოტროპულ წამლებს მოიხმარდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწმეების გამოყენებით ცალსახად ცდილობდა დაღუპულზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას და საზოგადოებისთვის მისი გარდაცვალების წინასწარი ვერსიის მიწოდებას.



ავტორი: Mediamall.ge