შსს უარყოფს, რომ ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის მოწმეს, გარდაცვლილის მიერ ფსიქოტროპული დამოკიდებულების შესახებ კითხვა დაუსვა
ამობეჭდვა · 2017-11-03 21:39:26 · 195 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის ერთ-ერთ თვითმხილველს, ნოდარ შანიძეს შსს-ს ჟურნალისტმა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ კითხვა დაუსვა. 

ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა "ნიუპოსტთან" განაცხადა და დასძინა, რომ ავთენტურობის დადგენის მიზნით, უწყება მზად არის ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარონ.

"ინტერვიუ აღნიშნულ მოქალაქესთან, რომელიც მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა, ჩაწერილია უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოკამერა არ გამორთულა ინტერვიუს დასაწყისიდან ბოლო სიტყვამდე, მათ შორის, იმ მონაკვეთშიც, როდესაც რესპოდენტი, ინტერვიუს მსვლელობისას, შუალედში, სატელეფონო ზარს პასუხობს. ისე, რომ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ, რესპოდენტი თავად იწყებს ამ თემაზე საუბარს, პირველად სწორედ იგი ახსენებს სიტყვა „ფსიქოტროპულს“ და აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ამასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოიხმარდა. აღნიშნული ვიდეომასალა სრულად, დაუმონტაჟებელი სახით ინახება შსს-ს არქივში. შსს-ს პრესსამსახური მზადაა, ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, მისი უწყვეტობის და ავთენტურობის დადგენის მიზნით", - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმის თვითმხილველმა, ნოდარ შანიძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ კითხვა შსს-ს ჟურნალისტმა დაუსვა. 



ავტორი: Mediamall.ge