მამას, რომელმაც საკუთარი 14 წლის ვაჟი გააუპატიურა, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
ამობეჭდვა · 2017-11-03 23:47:36 · 2281 ნახვა

მამას, რომელმაც საკუთარი ვაჟი გააუპატიურა თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიჯუსაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისათვის (3 ეპიზოდი) ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გ.ბ.-მ, რომელმაც იცოდა რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის არასრულწლოვან ვაჟთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2017 წლის იანვარში, ბრალდებულმა, ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, გააფრთხილა არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა. ძალადობის მუქარითა და ძალის გამოყენებით, აღნიშნული ქმედება იანვრის თვის განმავლობაში ბრალდებულმა სამჯერ განახორციელა.

ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამნაშავედ და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად დამნაშავედ ცნო ბრალდებული გ.ბ. და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, წარდგენილი ბრალდება 138 მუხლის მე- 4 ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტიდან (მამათმავლობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იმ პირის მიმართ რომელსაც არ შესრულებია 14 წელი), გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან). სასჯელთა შთანთქმის პრინციპისა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასამართლომ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



ავტორი: Mediamall.ge