არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ტრენინგები დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-11-04 09:45:25 · 124 ნახვა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის გრძელვადიანი კურსის პირველი ეტაპი დაიწყო.

ტრენინგების მიზანი სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგი ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბანის და მარნეულის მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 1500-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა.  

მასწავლებელთა გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიმდინარეობს.

მოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა და  პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

ტრენინგებს  აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს, ხოლო სატრენინგო მასალა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საგანგებოდ ითარგმნა.  

პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მასშტაბური პროფესიული განვითარების კურსი შეეთავაზება როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ  მასწავლებლებს, ისე დირექტორებს.

2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი სკოლის  მე-7-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2069 მასწავლებელს და 208 დირექტორს გადაამზადებენ.   

მასწავლებლები გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში.  ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.  



ავტორი: Mediamall.ge