კატალონიის გადაყენებული ლიდერის დაპატიმრების ორდერი ბელგიას გადასცეს
ამობეჭდვა · 2017-11-04 14:41:00 · 129 ნახვა

ბელგიამ კატალონიის გადაყენებული ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი მიიღო. 

ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამომძიებელმა დაკითხვაზე უნდა გამოიძახოს პუჩდემონი, ან პოლიციას სთხოვოს მისი მიყვანა, ხოლო დაკითხვის შემდეგ იქნება 24-საათიანი ვადა ესპანეთში მის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ესპანეთის ეროვნულმა უზენაესმა სასამართლომ გასცა პუჩდემონისა და მისი კაბინეტის ოთხი ყოფილი წევრის დაპატიმრების ორდერები. მათ ბრალად ედებათ ამბოხება და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა.

გუშინ პუჩდემონმა განაცხადა, რომ მზად არის, თავისი კანდიდატურა წამოაყენოს კატალონიაში დეკემბრისთვის დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებისთვის, მაგრამ უცხოეთიდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიას.

კატალონიის გადაყენებული ლიდერი და ოთხი ყოფილი მინისტრი 30 ოქტომბერს ჩავიდნენ ბელგიაში. მას შემდეგ ესპანეთში დააკავეს რვა ყოფილი მინისტრი ესპანეთისაგან კატალონიის გამოყოფის მცდელობის გამო. პუჩდემონი მადრიდში, სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მაგრამ პოლიტიკოსი ბელგიაში დარჩა. ესპანეთისაგან გამოყოფის შესახებ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა და 21 დეკემბრისთვის დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.



ავტორი: MediaMall.ge