ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი აღიარებს, რომ 2016 წელს რუს ოფიციალურ პირებს შეხვდა
ამობეჭდვა · 2017-11-04 19:00:00 · 61 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა მრჩეველმა, კარტერ პეიჯმა კონგრესმენებისათვის ინფორმაციის მიწოდებისას აღიარა, რომ 2016 წელს მოსკოვში ყოფნისას შეხვდა რუს ოფიციალურ პირებსაც.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.  ბოლო თვეებში მედიასთან საუბრისას, პეიჯი ან უარყოფდა 2016 წლის ივლისში მოსკოვში რუს ჩინოვნიკებთან შეხვედრას, ან ამბობდა, რომ "უმეტესწილად, მეცნიერებს“ ხვდებოდა.

პეიჯმა ტრამპის საარჩევნო გუნდის, სულ ცოტა, ერთ წევრს გაუგზავნა ელექტრონული წერილი, რომელშიც ატყობინებდა რუსეთის მთავრობის წევრებთან და სხვებთან შეხვედრების დროს მოპოვებულ ინფორმაციას. ეს წერილი ხუთშაბათს წაიკითხეს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტში, რომელიც იძიებს რუსეთის სავარაუდო მცდელობას, ტრამპის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა აშშ-ში 2016 წლის ნოემბრის არჩევნებზე. რუსეთი და ტრამპი უარყოფენ ასეთ ბრალდებებს.



ავტორი: MediaMall.ge