ლექსი პუტინზე და კადიროვის საჩუქარი ავტორს, ვინ მიიღებს iPhone X- ს
ამობეჭდვა · 2017-11-05 22:42:19 · 261 ნახვა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შესახებ დაწერილი საუკეთესო ლექსისთვის, ჩეჩნეთში, სოფელ ბენო-იურტში მცხოვრები მესამე კლასის მოსწავლე გოგონა საჩუქრად iPhone X- ს მიიღებს.

კადიროვის განცხადებით, ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსში, სწორედ ამ გოგონამ გაიმარჯვა.  ჩეჩნეთის ლიდერმა კონკურსის დაწყებამდე განაცხადა, რომ გამარჯვებული უახლესი მოდელის სმარტფონს მიიღებდა პრიზად.

iPhone X -ის გაყიდვები რუსეთში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მისი ფასი 79.9 ათასი რუბლიდან იწყება.

კადიროვის თქმით,  ერთი დღე-ღამის განმავლობაში, კონკურსში სამ ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ლექსი გაგზავნა. ავტორები სხვადასხვა ასაკის და სოციალური ფენის  წარმომადგენლები არიან.

,,გადაწყვეტილება მიღებულია, გამარჯვებულია მესამე კლასის მოსწავლე ჰედა იბაჰიევა. იგი ლექსებს წერს და ოთხ ენაზე საუბრობს. როდესაც გოგონას შეატყობინეს, რომ ამგვარ საჩუქარს მიიღებდა, მან განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატივისცემის და სიყვარულის გამო მიიღო და არა - სმარტფონის სურვილით“, - წერს  რამზან კადიროვი Instagram-ის საკუთარ გვერდზე.



ავტორი: MediaMall.ge