პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
ამობეჭდვა · 2017-11-06 15:41:00 · 145 ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა  ორი პოლიტპატიმრის: გიორგი ზავრაშვილის და ზაზა კობახიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

,,ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ზაზა კობახიძე და გიორგი ზავრაშვილი გასამართლდნენ და სასჯელს იხდიდნენ წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის წევრებთან კავშირის და მეგობრული ურთიერთობის გამო.

2011 წელს, უმცროსი სერჟანტი ზაზა კობახიძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონში, მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთ წევრთან. ეს ფაქტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებში გაღიზიანებას იწვევდა, რის გამოც ზაზა კობახიძის დაკავება და მისი თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან ჩამოცილება დაიგეგმა.

2011 წლის 06 ნოემბერს, მაშინ როდესაც ზაზა კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში კობახიძეების გვარის წარმომადგენლების დალოცვაზე გასამგზავრებლად სახლიდან გამოვიდა, იგი დააკავეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა, ,,ჩაუდეს“ ცეცხლსასროლი იარაღი და მეუღლის და შვილების თვალწინ დაკავების ყოველგვარი პროცესუალური წესების დაცვის და ჩხრეკის ჩატარების გარეშე, იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში, რის შემდეგაც დაკავებული გადაიყვანეს სამხედრო პოლიციის შენობაში.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე უკანონოდ დაკავებულ ზაზა კობახიძეს 2012 წლის 08 თებერვალს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება მეორე პოლიტპატიმარს, გიორგი ზავრაშვილი იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი და მონაწილეობას იღებდა 2007 წლის ნოემბერში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გიორგი ზავრაშვილის დაკავება. 2007 წლის 12 დეკემბერს, თბილისში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, როდესაც გიორგი ზავრაშვილი ძმას და მეზობლებს ესაუბრებოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იმ მიზეზით, რომ მას რაღაც დოკუმენტზე ხელი ჰქონდა მოსაწერი, მოტყუებით ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისულს განუცხადეს, რომ იგი იყო დაკავებული თითქოსდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი, თითქოსდა გიორგი ზავრაშვილი ქუჩაში ხულიგნურად თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც ხელოვნურად დაიკითხნენ გამოგონილ ინციდენტში ე.წ. ,,მონაწილე“ პოლიციელები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს მამხილებელი ჩვენებები.  

 ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული გიორგი ზავრაშვილი გასამართლებულ იქნა 2008 წლის 23 მაისს და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზაზა კობახიძემ და გიორგი ზავრაშვილმა საპატიმრო დაწესებულება, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვეს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ორივე მათგანის საქმეში, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ხსენებული ორივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 48 მსჯავრდებულის საქმეზე  მიმართა, საიდანაც 12 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“, - აცხადებენ პროკურატურაში. 



ავტორი: MediaMall.ge