დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 2017-11-06 17:00:00 · 167 ნახვა

პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულთაგან, არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ბრალდებული პოლიციელები - სადაღაშვილი და რუსიშვილი ასრულებდნენ დავალებას, რომელიც ათმეთაურ ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა იგეგმება. ადვოკატი ცინცაძე ფიქრობს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები პირიქით, კიდევ უფრო გაამყარებენ დაცვის მხარის პოზიციას.

ნოდარ ცინცაძე, ბრალდებული პოლიციელების ადვოკატი: დაცვის მხარის პოზიცია ცალსახაა, რომ ბრალდებული პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებითაც ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული არაერთი ღონისძიება ხახუბიას ავტომანქანის შესაჩერებლად, რაც შეეხება გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ გადაკეტვას, ავტომანქანების გასავლელად გზაზე დატოვილი იყო დაახლოებით სამმეტრიანი სიგანის მონაკვეთი, ეს დაადასტურეს თვითმხილველებმაც, რომ ხახუბიას მანქანის გამოჩენამდე, ნაწილობრივ მოძრაობაშეზღუდულ მონაკვეთზე სამმა ავტომობილმა გაიარა, შესაბამისად, გზა გადაკეტილი არ ყოფილა, გასავლელი იყო დატოვილი".

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ძლიერი შეჯახების შედეგად, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა.

 



ავტორი: MediaMall.ge