„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, ყოფილ პოლიციელს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს
ამობეჭდვა · 2017-11-06 20:30:03 · 188 ნახვა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, ყოფილ პოლიციელს ბაგრატ ჯანუაშვილს პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ინფორმაციას გამოცემა“ლიბერალი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატ ჯანუაშვილი თბილისში 2 აგვისტოს დააკავეს. მისი მეუღლის თქმით, ის 2012 წლამდე, 12 წელი მუშაობდა პოლიციაში, ქუთაისის პირველ განყოფილებაში. ადვოკატის თქმით, მისგან პოლიციელები სხვა პირის წინააღმდეგ თანამშრომლობას მოითხოვდნენ. „რომ რასაც გეტყვით, ის უნდა თქვაო“.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობაში" აცხადებენ, თანამშრომლობაზე უარის შემდეგ  ჯანუაშვილს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ჩაუდეს და დააკავეს. მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ადგილზე არაერთი ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, ბრალდების მხარემ აღნიშნული ჩანაწერები არ ამოიღო.

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ადვოკატის თქმით, ამოღებულ ე.წ. ნივთმტკიცებაზე, ექსპერტიზის დასკვნით, არ არსებობს ბაგრატ ჯანუაშვილის კვალი. საქმის მასალებით, მას აღმოაჩნდა ბუპრენორფინის შემცველი აბები, რომლებიც ნებაყოფლობით წარადგინა. ადვოკატის თქმით კი, ის ფაქტი, რომ საგანზე, რომელიც მან თითქოს ხელიდან გადასცა პოლიციას და ბრალდებულის კვალი არ აღმოჩნდა, ეჭვს იწვევს ბრალდების სანდოობაში.

ადვოკატის თქმით, ბაგრატ ჯანუაშვილი იმერეთისა და ზემო სვანეთის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა პატაკით ინფორმაციის მიღების შემდეგ 1.5 საათში დააკავეს თბილისში, რაც რეალურად დროში ვერ მოესწრებოდა.



ავტორი: Mediamall.ge