ჯანდაცვის კომიტეტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის კამპანიაზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 2017-11-06 21:08:29 · 126 ნახვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის შედგენაზე პირველი შეხვედრა გაიმართა. სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების ხელმძღვანელებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძისგან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესში ერთიანი კომუნიკაციის პლატფორმის მომზადების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დასახეს.

ლევან კობერიძემ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების ხელმძღვანელებს უწყებების საკუთარი რესურსების გამოყენებით მიზნობრივ ჯგუფებზე ერთიანი პლატფორმის მომზადება შესთავაზა. მისივე განცხადებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის მიმართულებით კომიტეტმა გარკვეული სამუშაოები უკვე გასწია და გარკვეული ხედვები ჩამოაყალიბა, რომლებიც PRსამსახურის ხელმძღვანელებს გადაეგზავნებათ, კონსულტაციების შედეგად კი, ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია დაიგეგმება, რომელიც „ერთი ქოლგის“ ქვეშ ფორმატით წარიმართება. შეხვედრაზე მხარეები ერთწლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე და ინტერაქტიულ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული კამპანიის მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი შეასრულებს. 



ავტორი: Mediamall.ge