2018 წლიდან ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტები იცვლება
ამობეჭდვა · 2017-11-07 00:31:12 · 578 ნახვა

2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები შედის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცვლილებები ზოგადი უნარების ტესტებში

ტესტში "ანალოგიების" ნაწილი დამოუკიდებელი ბლოკის სახით აღარ იქნება და ის წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკს შეერთდება. 10 დავალებიდან 5-7 ტექსტში მოცემული დავალებების გააზრების შესამოწმებლად იქნება, დარჩენილი 3-5 დავალება კი "ანალოგიების" ტიპის.

"იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს", - აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში და დასძენენ, რომ სიტყვის მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში, აბიტურიენტს ტექსტის კონტექსტი დაეხმარება.

ზოგადი უნარების ტესტებში ამ ცვლილების გამო ლოგიკის ბლოკის დავალებების რაოდენობა გაზარდა.

ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი - ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან შედგება. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აბიტურიენტს საათი და 35 წუთი აქვს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80.

ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში

იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების შეცვლა. შეფასების მაქსიმალური ქულა 24-ის ნაცვლად 20 გახდება. ცენტრის განმარტებით, ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.

"ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას", - აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.



ავტორი: Mediamall.ge