კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფს“ სთხოვა, დღესვე დაიწყონ მიწისქვეშა გადადასვლელების მოწესრიგება
ამობეჭდვა · 2017-11-07 12:13:00 · 203 ნახვა

თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში "თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.  

კახა კალაძემ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

"მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. "თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება - მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილება კომფორტულად შეეძლოთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებული, ან იჯარით არის გაცემული.

"ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით, თუმცა მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანი სტარდარტი იქნეს შემუშავებული და ათი დღის განმავლობაში, სრული სურათი წარმოადგინოთ. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს გაცემული მიწისქვეშა გადასასვლელი, კეთილი უნდა ინებონ და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანონ არსებული მდგომარეობა. ბევრ კონკრეტულ ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


 



ავტორი: MediaMall.ge