რას პასუხობენ დე ფაქტო მთავრობის ბრალდებებს თბილისში - "საშიში დაავადებების გავრცელება "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე"
ამობეჭდვა · 2017-11-07 14:39:00 · 243 ნახვა

საქართველოს დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შემუშავების და დაავადებების გავრცელების ბრალდებას “წმინდაწყლის სიცრუეს” უწოდებს.

გამყრელიძემ “ამერიკის ხმას” განუცხადა, რომ “ეს ბრალდებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღი არ მზადდება.

ლაბორატორიის უფროსმა მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ “საშიში პათოგენების გაჟონვის, გავრცელების ან დაკარგვის შემთხვევები არასოდეს დაფიქსირებულა და ლაბორატორიაში მომუშავე არცერთი მეცნიერი დაინფიცირებულა საშიში პათოგენებით.”

ე.წ. ლუგარის ლაბორატორია თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია, რომელსაც ამერიკის ყოფილი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი ჰქვია. მან მოქმედება 2013 წელს დაიწყო. ლუგარის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სისტემის ნაწილია და ის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 

ცენტრი ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) 1991 წლის “საფრთხეებით შემცირების თანამშრომლობის პროგრამის” ფარგლებში დააფინანსა. ეს პროგრამა სენატორებმა სემ ნანმა და რიჩარდ ლუგარმა საკანონმდებლო ინიციატივით წამოიწყეს. მისი მიზანი ცივი ომის შემდეგ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში მიმოფანტული მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლებლობების მშვიდობიანი სამეცნიერო მიზნებისთვის გადაკეთება იყო. ცენტრის უსაფრთხოების ინსპექციას ამერიკის არმიის უოლტერ რიდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR) ატარებს.

“ამერიკის ხმის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლუგარის ცენტრი არ არის სამხედრო ნაგებობა, რომლის მიზანიც ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის წარმოებაა. ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს არ აწარმოებს. 

"გარდა ამისა, ლუგარის ცენტრი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პარტნიორი ღია დაწესებულებაა, სადაც მუშაობა კვალიფიცირებულ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, რუსეთიდანაც შეუძლიათ. შესაბამისად, რუსეთის და ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ბრალდებები ლაბორატორიის მიერ მტრული საქმიანობის წარმოების შესახებ უსაფუძვლოა და სიცრუეს წარმოადგენს",-წერია ამერიკის ხმის სტატიაში. 



ავტორი: MediaMall.ge