ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-11-07 17:30:00 · 62 ნახვა

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით,  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მესამე კორპუსი), ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დამთვალიერებელისთვის ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული უნიკალური მასალა.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი დამთვალიერებელს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ ფოტოებს წარუდგენს. ექსპონირებული იქნება აქამდე უცნობი პორტრეტები, მათ შორის, პირველად გამოიფინება ფოტოები, რომელიც ილიას მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპს ასახავს:  დუშეთში ილიას მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის პერიოდს,  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში,  ასევე, საადგილმამულო ბანკში, სახელმწიფო საბჭოში მოღვაწეობის, ილიაობისა და ისპანახობის დღესასწაულის ამსახველ ფოტოებს.

გამოფენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ილიას პორტრეტები და ილუსტრაციები: ლადო გრიგოლიას შესრულებული გრაფიკული პორტრეტი; ჰენრიკ ჰრინევსკის, უჩა ჯაფარიძის, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, დავით გაბაშვილისა და რობერტ სტურუას ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებისთვის; ასევე, ილიას ლექსების ჩანაწერები,  წერილები, ავტოგრაფები,   საზოგადოებისთვის  აქამდე უცნობი „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ერთობლივი ავტოგრაფიული თარგმანი.

ლიტერატურის მუზეუმი გამოფენს ილიას მემორიალურ ნივთებს.  პირველად იქნება ექსპონირებული ილია ჭავჭავაძის საზაფხულო პალტო, პერანგი და საათი.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  დამთვალიერებელს  ილიას გამოუქვეყნებელ უბის წიგნაკებსა და   ნაწარმოებების ავტოგრაფებს წარუდგენს; თეატრის, მუსიკის კინოს და ქორეოგრაფიის მუზეუმი კი - აფიშებს, ესკიზებსა და ილუსტრაციებს, ილიას შემოქმედების მიხედვით შექმნილი ფილმებისა და სპექტაკლებისათვის.

გამოფენას თითოეული  მუზეუმის ხელმძღვანელი წარადგენს.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში შედგება ასევე, ხელოვნების სასახლის მიერ მომზადებული ალბომის „ილია ქართული ხელოვნებაში“ პრეზენტაცია.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო აკადემიური  ანსამბლი "რუსთავი“, ვოკალური ჯგუფი  The Quintessence" და  მომღერალი ნათია პერანიძე.

 

სპონსორია ღვინის კომპანია "ხარება“, რომელიც სტუმრებს, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო, 180 წლისთავისადმი სპეციალურად ჩამოსხმულ ღვინოს - „ილია ჭავჭავაძე 180“ წარუდგენს.

 



ავტორი: MediaMall.ge