დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა
ამობეჭდვა · 2017-11-07 18:30:00 · 99 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, მთელი თავისი სამხედრო ძალა გამოიყენოს საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად, თუმცა ყურადღებას ამახვილებს ყველა შესაძლო ზომაზე სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. 

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

"ჩრდილოეთი კორეა საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს და მოითხოვს მთელი მსოფლიოს მოქმედებას“, განაცხადა ტრამპმა სეულში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, "სწორი ნაბიჯი გადადგას“ და აღნიშნა, რომ "გარკვეულ მოძრაობას“ ხედავს, მაგრამ უარი თქვა განმარტებაზე, კონკრეტულად რაში ხედავს პროგრესს.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ იაე-ინმა აღნიშნა, რომ სეული და ვაშინგტონი მზად არიან, "ნათელი მომავალი“ შესთავაზონ ჩრდილოეთ კორეას, თუ ეს ქვეყანა უარის იტყვის თავის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე.



ავტორი: MediaMall.ge