ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკებს კორეული კომპანიის გემებზე გაივლიან
ამობეჭდვა · 2017-11-07 20:22:29 · 71 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია „Hyundai Glovis“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები „Hyundai Glovis“-ის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკას  გაივლიან.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ. კორეული მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ „Hyundai Glovis“-ის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი, „Hyundai Glovis Europe”-ის პრეზიდენტი სოჩულ კიმი .

„ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იმისთვის, რომ პრაქტიკის თვალსაზრისით, სტუდენტებმა აიმაღლონ მომზადების დონე. ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარისხს ისედაც საკმაოდ მაღალრეიტინგულ ჩვენს საზღვაო აკადემიაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი კომპანიების საქართველოში გამოჩენა და ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„Hyundai Glovis“ერთ-ერთი მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს. კომპანიის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

 



ავტორი: Mediamall.ge