პოროშენკომ უკრაინაში რუსი არტისტების გასტროლები აკრძალა
ამობეჭდვა · 2017-11-07 22:24:46 · 212 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში რუსი არტისტების გასტროლებს კრძალავს. პრეზიდენტის პრესსსამსახურის განცხადებით, ქვეყანაში მათი შესვლა საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

7 ნოემბრის დოკუმენტი ძალაში ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა.

რადამ 5 ოქტომბერს მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის კულტურის სამინისტროს ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი არტისტების ქვეყანაში შეშვებას კრძალავს. ეს დოკუმენტი განსაკუთრებულ პირობებს აწესებს რუსი ხელოვანების გასტროლების ორგანიზებისთვის. ორგანიზატორებმა კონცერტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოითხოვონ ინფორმაცია, არსებობს თუ არა აღნიშნული არტისტის ქვეყანაში შეშვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ათდღიანი განხილვის შემდეგ უწყება პასუხს გასცემს, ორგანიზატორებს არტისტებთან ვიზიტის დეტალების შეთანხმება შეუძლიათ. აღნიშნული კანონის დარღვევა 6-დან 12 ათას დოლარამდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

2015 წლის იანვარში უმაღლესმა რადამ მიიღო დებულება, რომლის თანახმად, რუსეთს აგრესორი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. კიევი მიიჩნევს, რომ მოსკოვი უკრაინის საქმეებში ერევა და დონბასში კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს.



ავტორი: Mediamall.ge