ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლზე მოძრაობისთვის 100 ლარიანი ჯარიმა წესდება
ამობეჭდვა · 2017-11-07 22:30:08 · 399 ნახვა

ახალი კანონპორექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) ყველა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა იკრძალება და 100 ლარის ოდენობით ჯარიმდება. ასევე, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ხშირია წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე და საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამის რეგულაციას. შემოთავაზებული ცვლილება ადგენს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, წარმოდგენილი ცვლილებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყო მათი მოპარვით, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.



ავტორი: Mediamall.ge