დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა
ამობეჭდვა · 2017-11-08 00:12:48 · 134 ნახვა

დღეს ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმინდა ილია მართალის დაბადების დღეა.

წმიდა ილია მართალი1837 წლის 8 ნოემბერის დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო:დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა.

1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.

1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.

მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.



ავტორი: Mediamall.ge