დღეს ილია ჭავჭავაძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-11-08 08:47:17 · 97 ნახვა

„ილია- ჩვენი თანამედროვე“-ამ სლოგანით ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში დღეს 11:00 საათიდან დაიწყება. გურამიშვილების მარანში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და ლექცია თემაზე – „ილია და მეღვინეობა“. ხელოვანებისა და პუბლიცისტებისთვის 8 კატეგორიაში გაიცემა ილიას პრემია, მოეწყობა საბავშვო-გასართობი კუთხეები, კინოჩვენება, გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და უკან მოქალაქეებს უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

10:00 საათიდან დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.



ავტორი: Mediamall.ge