არ არსებობს ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში - პრემიერი
ამობეჭდვა · 2017-11-08 11:41:00 · 125 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"მინდა, ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე. 

მთავრობის ორგანიზებით, ამ იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება. 

ღონისძიებები იმართება სათაურით, "ილია - ჩვენი თანამედროვე“. ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს ამ უდიდესი ეროვნული მოღვაწის არსს და მასშტაბურობას, ვინაიდან არ არსებობს ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში. 

კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ უდიდესი მოღვაწის იუბილე, მოღვაწის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, სიცოცხლე მიუძღვნა ერის თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას. ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელს ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

"ილია- ჩვენი თანამედროვე“-ამ სლოგანით ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში დღეს 11:00 საათიდან დაიწყება. გურამიშვილების მარანში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და ლექცია თემაზე – "ილია და მეღვინეობა“. ხელოვანებისა და პუბლიცისტებისთვის 8 კატეგორიაში გაიცემა ილიას პრემია, მოეწყობა საბავშვო-გასართობი კუთხეები, კინოჩვენება, გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და უკან მოქალაქეებს უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

10:00 საათიდან დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.



ავტორი: MediaMall.ge