სახელმწიფო ყოველთვის აწესებდა და დააწესებს სამედიცინო მომსახურების ფასებს კლინიკებში - ჯანდაცვის მინისტრი
ამობეჭდვა · 2017-11-08 12:52:00 · 90 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ფასების მეთოდოლოგიის შეცვლა კერძო კლინიკებს დააზარალებს, არასწორია.

ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის აწესებდა და დააწესებს ფასებს და ეს ახლა არ იწყება.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდანვე, სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა ეს ფასები. ის მოარული ხმები, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში, რეალობას არ შეესაბამება. ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურებაში შეიძლება, სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა ფასი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ამ ფასით არასდროს გაგვიწევია ანაზღაურება. რომ წარმოიდგინოთ, ერთი და იგივე ქირურგიულ მოსმახურებაზე, ვთქვათ, ერთი კლინიკა ითხოვს 10 000 ლარს და მეორე 1 000-ს, არის საერთაშორისოდ მიღებული ანაზღაურების მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ანაზღურებას ვახდენთ ამ არეალში.

პლუს ამას ემატება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, რეალურად გაწული ხარჯების შესახებ და ამ ორი ინსტრუმენტით ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის აწესებდა და დააწესებს ფასებს. ეს განფასების სისტემებები ჩვენ შემთხვევაში, რამე ორიგინალური არ მოგვიგონია", - განაცხადა სერგეენკომ.  

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია შერჩევით კონტრაქტირებაზე გადასვლა და ასევე, დაფინანსების მეთოდის შეცვლა.

"120 ქვეყანაში კერძო კლინიკებს უდგენენ ტარიფებს. მე კლინიკებს ვეუბნები: – თუ გინდათ, რომ გქონდეთ კონტრაქტი საყოველთაო ჯანდაცვაში, აი, ამ ტარიფით მოემსახურებით, ხოლო თუ არ გნებავთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ამ ტარიფების დათვლისას სამართლიან მეთოდს გამოვიყენებთ – დათვლილი იქნება კონკრეტულ რესურსტევადობაზე და მოგების რაციონალური პროცენტიც იქნება ჩადებული, მაგრამ არა ისე, როგორ დღეს არის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.


 



ავტორი: MediaMall.ge