"საპოლიციო სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი კომპლექსური ღონისძიებების შედეგია"
ამობეჭდვა · 2017-11-08 13:21:00 · 79 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ირაკლი ბერაიას განცხადებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ანგარიშში ასახული საქართველოს მიერ საპოლიციო სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგია.

მისი თქმით, 2012 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირებას. პირველად შსს-ს ისტორიაში შეიქმნა სამინისტროს სისტემის განვითარების სტრატეგია და მიღებულ იქნა პოლიციის შესახებ ახალი კანონი.

"შეიქმნა პოლიციის ეთიკის კოდექსი და სხვადასხვა სფეროში პოლიციის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები. შსს-ს ხელმძღვანელობით შეიქმნა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო და შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების განვითარებას და საპოლიციო სფეროში განათლების სისტემის დახვეწას. შსს-ს აკადემიაში შეიქმნა ახალი და დაიხვეწა არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე შეიქმნა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. კიდევ უფრო გაფართოვდა და გაღრმავდა შსს-ს საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც ოპერატიულ, ისე არაოპერატიულ სფეროებში პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მნიშვნელოვნად დაიხვეწა სამართალდაცვით სფეროში შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი კოორდინაცია. დაიდო არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ მისიებში გაიზარდა პოლიციის ატაშეების რიცხვი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეზობელ სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები. შეიქმნა პოლიციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები და საქართველოში წინა ხელისუფლების პირობებში ყველაზე დახურული ორგანიზაცია საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბდა. სწორედ ყველა ზემოთ ხსენებული მიმართულებებით სინქრონულად გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით გაიზარდა საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა, რამაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი გახადა",-აცხადებს ირაკლი ბერაია. 



ავტორი: MediaMall.ge