ნარკოტიკის მოხმარებისთვის დასჯა მოხდება ადმინისტრაციული წესით და არა საპატიმრო პირობებით - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი
ამობეჭდვა · 2017-11-08 13:39:00 · 402 ნახვა

სასტუმრო ,,ბილტმორი" ნარკოპოლიტიკის რეფორმის თემაზე კონფერენციას მასპინზლობს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ნარკომომხმარებლების დაკავების ნაცვლად, მათთვის სამკურნალო კურსის დანიშვნას ითვალისწინებს.


ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიასთან განმარტება გააკეთა. ზოიძის განმარტებით, ნარკოტიკის მოხმარება კვლავ დასჯადი იქნება, თუმცა, დადგენილი რაოდენობის ფარგლებში, დასჯა მოხდება ადმინისტრაციული წესით და არა საპატიმრო პირობებით.


,,დიდი იმედი გვაქვს, რომ შევჯერდებით. ჩვენს ბევრ კოლეგას, ისევე, როგორც საზოგადოების ბევრ წევრს, არასწორი წარმოდგენა აქვს, თუ რას ეხება ეს ცვლილებები, რომელიც არის შემოთავაზებული. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული დადგენილი ოდენობის ფარგლებში და არა საპატიმრო. კანონპროექტი არ გულისმხობს, რომ ამით ხდება მოხმარების წახალისება ან გასაღებაზე ზომების შემცირება“ - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 


ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდეს ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც, აკაკი ზოიძის მოსაზრებით, გამოიწვევს მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს.



ავტორი: MediaMall.ge