"საქართველო-ღვინის აკვანი" - გამოფენა ბორდოში
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:05:00 · 116 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა "საქართველო - ღვინის აკვანი“ ქართული ფოლკლორული ანსამბლის "ბასიანის“ კონცერტით დასრულდა. საღამოს საქართველოს პარლამენტის წევრები გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში  დოკუმენტური ფილმის "საქართველო - ღვინის აკვანი“ პრემიერა მოეწყო და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

"როდესაც ხარ ქვეყანა, რომელსაც გაქვს პატივი, ევროპის წამყვან ტურისტულ-კულტურულ ცენტში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა, როდესაც ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის შესასვლელში მუდმივმოქმედ ექსპოზიციად ქართულ ქვევრს დგამენ, იმის აღსანიშნავად, რომ "იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, ყველა ვხვდებით რომ ეს არ არის მხოლოდ აღფრთოვანების, სიამაყის ან მხოლოდ აღიარების საგანი. ეს არის ქართული ღვინის მომავალი და ძალიან დიდი პერსპექტივა, რომელიც ზუსტად ჩვენს ისტორიასა და ტრადიციულობაზე გადის. მსგავსი მაღალი დონის გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციის გაცვლა იძლევა საჭირო კონტაქტების დამყარების და ექსპორტის გაზრდის საფუძველს. დღეს, ქართული პროდუქციისთვის ღიაა ყველა საერთაშორისო მნიშვნელობის ბაზარი, ყოველწლიურად მზარდია ექსპორტი“, - აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა.

მისივე განცხადებით, ქართული ღვინის გაყიდვები ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ და სხვა ბაზრების მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველოდან მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში  რეკორდული რაოდენობის -  100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული.

გამოფენა "საქართველო-ღვინის აკვანი“ 31 ივლისს საქართველომ ქართული მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ წარმოდგენილი არტეფაქტებით გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მსოფლიოს ცენტრის შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა.

ბორდო მსოფლიო ღვინის დედაქალაქად ითვლება, ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს და დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიას აცნობს.



ავტორი: MediaMall.ge